მანიფესტი
რა საქმესაც არ უნდა ავიღოთ, ამ პრინციპებით ვმუშაობთ.
ყოველი საქმე რამდენიმე სფეროს ექსპერტების ერთობლივ მუშაობას მოითხოვს. შეფები, ბიზნესის მმართველები, არქიტექტორები, ინოვაციის სპეციალისტები და ფოტოგრაფები ყოველ საქმეზე ერთად ვმუშაობთ.
სრული სურათი
დიაგნოზი მთლიანი სურათის დანახვით იწყება
პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ფასი, გუნდი, მართვა, ლოკაცია ან მარკეტინგიც. ბიზნესს გარედან, მომხმარებლის თვალით და მთლიანობაში ვუყურებთ.
სად იწყება მთავარი პრობლემა?
ერთგვაროვნება მასშტაბში
ხარისხი უცვლელი უნდა დარჩეს, ვინც არ უნდა იყოს საქმეზე
პროდუქტს, მომსახურებასა და კონტროლს ადამიანების მეხსიერებიდან წერილობით სტანდარტებზე გადაგვაქვს. როცა ქსელი იზრდება, ფრანჩაიზა გაიცემა ან პროდუქტი ქარხანაში ბრენდის სახელით იწარმოება, ხარისხს სწორედ ეს სტანდარტები იცავს.
გუნდი რომ შეიცვალოს, შედეგი იგივე დარჩება?
ინვესტიცია ადამიანებში
კარგი თანამშრომელი მომზადებით ყალიბდება
ვზრუნავთ, რომ დაქირავებისას ყურადღება გამოცდილებაზე მეტად პოტენციალს, მეგობრულ დამოკიდებულებასა და სწავლის სურვილს მიექცეს. ორიენტაციას, ეტაპობრივ სწავლებასა და მენტორის თანხლებით პრაქტიკას განსაზღვრულ მოვალეობებს ვუკავშირებთ.
სად არის დღეს ხვალინდელი მენეჯერი?
დამატებითი შემოსავალი
ზრდა იმით იწყება, რაც უკვე გაქვთ
ახალ ინვესტიციამდე ვაფასებთ, რისი მოტანა შეუძლია არსებულ ფართს, სამუშაო საათებსა და საწარმოო სიმძლავრეს. დამატებითი ბრენდი, ghost kitchen და ჩვენი მზა ბრენდების ადაპტაცია შეიძლება სწორედ ამ სიმძლავრეზე აშენდეს.
ამჟამად რა რჩება გამოუყენებელი?
მტკიცებულება გადაწყვეტილებამდე
იდეა ჯერ მოწმდება, შემდეგ კი ინვესტიციად იქცევა
ახალ ბიზნესს, კონცეფციას ან პროდუქტს მოთხოვნის, ლოკაციის, ხარჯებისა და კონკურენტების კუთხით ვაანალიზებთ. გახსნამდე ან სერიულ წარმოებამდე მას რეალურ პირობებში საცდელი მომსახურებით ვამოწმებთ.
გადაიხდის ამაში მომხმარებელი?
მარჟა და რეგულაციები
გემოსთან ერთად ციფრებიც უნდა იყოს გამართული
ახალ პროდუქტსა და მენიუს ვავითარებთ პორციასთან, თვითღირებულებასთან, წარმოების სიმარტივესა და მიწოდებასთან ერთად. კალორიულობის, კვებითი ღირებულებისა და ალერგენების ინფორმაციასაც რეგულაციის შესაბამისად ვამზადებთ.
რას ტოვებს თითოეული გაყიდვა?
ადრეული სიგნალი
ინოვაცია შორსმჭვრეტელობიდან იბადება
მომხმარებლის ქცევას, გემოებსა და ახალ ბიზნეს-მოდელებს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებამდე ვაკვირდებით და მიგნებებს ტრენდების ანგარიშებად და ახალ პროდუქტებად ვაქცევთ. იდეას მხოლოდ მაშინ გთავაზობთ, თუ ის თქვენს მომხმარებელსა და ბაზარს შეესაბამება.
აქაც ექნება მოთხოვნა?
იდენტობა და პოპულარიზაცია
ბრენდი მხოლოდ იმას ჰპირდება, რისი შესრულებაც პროდუქტს შეუძლია
პოზიციონირებას, ისტორიას, ენასა და ვიზუალებს იმ გამოცდილების მიხედვით ვაყალიბებთ, რომელსაც ბიზნესი რეალურად სთავაზობს. გაშვება, სოციალური მედია და ფუდ-სტაილინგიც ამ ხაზს მიჰყვება.
ემთხვევა თუ არა ნათქვამი განცდილს?
სახელმწიფოსთან თანამშრომლობა
განვითარება იწყება მაშინ, როცა რეგიონის პროდუქტი იყიდება
მუნიციპალიტეტების, სამინისტროების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და რეგიონული განვითარების სააგენტოების პროექტებში რეგიონის პროდუქტს ვაქცევთ პროდუქტის ჯგუფებად, რომელთა წარმოება და გაყიდვა დაგეგმილია. ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე კოოპერატივების პროექტებშიც ბრენდი და ბაზარზე წვდომა გეგმის ნაწილია.
ვინ იქნება მყიდველი?
ანგარიშვალდებულება
ყოველ რეკომენდაციას უნდა ჰყავდეს შემსრულებელი და ჰქონდეს საზომი
რეკომენდაციებს ვწერთ იმ გუნდის, ბიუჯეტისა და შესაძლებლობების რეალობიდან გამომდინარე, ვინც მათ განახორციელებს. თითოეული ცვლილებისთვის თავიდანვე ვადგენთ, რომელი მაჩვენებლით გავაკონტროლებთ მას, და საჭიროების შემთხვევაში დანერგვას თქვენს გუნდთან ერთად ვახორციელებთ.
საიდან გავიგებთ, რომ ამუშავდა?